საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საბანკო კრედიტების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით გამოვიდა.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ვითარება კახეთში იმაზე მეტად დრამატულია, ვიდრე წარმოედგინა, ვინაიდან სტიქიამ საცხოვრებელი სახლების მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა და რამდენიმე ათეული სახლი პრაქტიკულად დანგრეულია.
„მთელი წელი ხალხი მოსავალს ელოდებოდა, ატმის გარკვეული ნაწილის გაყიდვა მოასწრო, დანარჩენი განადგურდა. რაც შეეხება ყურძენს, ხალხმა მთელი დანაზოგი დახარჯა, მაგრამ მოსავალი აღარ აქვს. ქარმა და სეტყვამ წაიღო მთელი შრომა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მათ დარჩათ საბანკო კრედიტები“ - განაცხადა სააკაშვილმა და დაზარალებული მოსახლეობის სესხების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით გამოვიდა.
სააკაშვილის თქმით, შტაბი მუშაობას გააგრძელებს და მთავრობა მაქსიმალურად ოპერატიურად იმოქმედებს.
„ჩვენ ვრჩებით კახეთში. კიდევ ორჯერ გავმართავთ სამუშაო თათბირს. ვიდრე ჩვენი დაზარალებული პუნქტების სასიცოცხლო ფუნქციების მინიმუმი არ აღდგება, მთავრობა ღამით ნამდვილად ვერ დაიძინებს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა კომპენსაციას გადაუხდის, დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება.
პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა - შუადღემდე ყველა გზის გაწმენდა და ყველა ოჯახის დაბინავება.
