„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს
09:17 20.07.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ დღეს, სასტუმრო „რედისონში“ წინასაარჩევნო ანგარიშის - „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა“ პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ აცნობეს, ანგარიშში სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობაა განხილული.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჯარო ფინანსების ხარჯვის ტენდენციები საარჩევნო წლებში განსხვავებულია, რადგან ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალური, მოკლევადიანი დასაქმების და სხვა ტიპის პოპულისტური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ამ კუთხით არც 2012 წელია გამონაკლისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის შედეგად ასევე, სისტემური ხარვეზები გამოავლინა, რომლებიც სახელმწიფო ფინანსების საარჩევნო მიზნით ხარჯვას უწყობს ხელს.
კვლევა პროექტის - „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია შედგება.

ბეჭდვა