საპარლამენტო დელეგაცია ლონდონში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს
საპარლამენტო დელეგაცია ლონდონში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს
14:57 09.07.2018
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლონდონში გაემგზავრა. საერთაშორისო გამჭვირვალობის (გაერთიანებული სამეფო) მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს გამართავს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის, მთავრობის და საექსპორტო წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან, ირაკლი სესიაშვილი, ეკა ბესელია, ირაკლი კოვზანაძე, ირაკლი ბერაია, თინათინ ბოკუჩავა და ირაკლი აბესაძე.



საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრებთან, ასევე, დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარესთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის ბრიტანული გამოცდილება, პრაქტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო. ასევე, საქართველოს უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმები და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმების შედეგები და ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.



ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებია დაგეგმილი, ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები გაეცნობიან გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ძირითად პოლიტიკას და საქმიანობის მიმართულებებს.



მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათაო ოფისის თავდაცვის განყოფილების ხელმძღვანელთან, სადაც, განხილული იქნება საზღვრებს გარეთ საეთაშორისო მისიებში მყოფი სამხედრო ქვედანაყოფების სამოქალაქო/დემოკრატიული ზედამხედველობის სპეციფიკა და არსებული საერთაშორისო გამოცდილება.



დელეგაციის ვიზიტი 14 ივლისს დასრულდება.





ბეჭდვა