საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურორობის კანდიდატს, შალვა
თადუმაძეს იცნობს და მისი დადებითად დახასიათება შეუძლია.
ბესელიას თქმით, თადუმაძე კარგი იურისტია და პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
„მე ვიცნობ შალვა თადუმაძეს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ის საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების სფეროა. ძალიან კარგი თვისებებით გამოირჩევა როგორც მოხელე, როგორც იურისტი, როგორც პროფესიონალი და შემიძლია ძალიან კარგად დავახასიათო.
ასევე წარდგენილია ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი შავგულიძე. ასევე, ერთი აუცილებლად უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ასე რომ, ვნახოთ, უნდა გავაგრძელოთ შემდეგი ეტაპი“- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორობის 18 კანდიდატიდან 3 შეირჩა. ესენი არიან: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე. კანდიდატები საპროკურორო საბჭოს წარედგინა.
