ბაქრაძე – მოქალაქეების საარჩევნო უფლების შემზღუდავი ნორმატიული აქტები არ მიიღება
ბაქრაძე – მოქალაქეების საარჩევნო უფლების შემზღუდავი ნორმატიული აქტები არ მიიღება
20:21 19.07.2012
არც ერთი ნორმატიული აქტი, რომელიც რაიმე სახით მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეზღუდავს, მიღებული არ იქნება  - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვისთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხაში ცვლილება შევიდა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ის ამ ბრძანებას არ იცნობს, თუმცა პირობას დებს, რომ არც ერთი ახალი ნორმატიული აქტი, რომელიც რაიმე სახით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეზღუდავს და შესაძლოა, შეშფოთების საგანი გახდეს, არ მიიღება.

ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის დამატებით იმსჯლოს ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც როგორც უწყებათაშორისი ჯგუფის, ისე პოლიტიკური პარტიებისა, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას გამოიწვევს.

,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საგარეო საქმეთა მინისტრის გასული წლის ბრძანებაში ცვლილება მინისტრმა 11 ივლისს შეიტანა.

ცვლილების თანახმად, უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საკონსულო აღრიცხვისთვის სხვა დოკუმენტებთან ერთად, საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა უნდა წარადგინონ.
სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეზღუდავს.

ბეჭდვა