პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადასვლამდე ორი თვით ადრე მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას ჩვეულებრივ პროცესს უწოდებს.
“პარლამენტის გადასვლა ახალ კაბინეტებში მხოლოდ დეპუტატების შესვლა არ არის. ეს ძალიან შრომატევადი პროცესია. გადასატანია ძალიან დიდი მოცულობის მასალები, მათ შორის, უზარმაზარი არქივი, რომელიც 20 წლის განმავლობაში დაგროვდა, დოკუმენტები, თანამშრომლების პირადი ნივთები, კომპიუტერული ტექნიკა და ფაილები“ - განაცხადა დღეს ბაქრაძემ.
მისი თქმით, მოსაწესრიგებელია და ასაღწერია ავეჯი და შენობაში არსებული მოძრავი ქონება.
„ამ ყველაფერს დრო სჭირდება. არ მესმის, რატომ არის უცნაური, რომ გადასვლიდან ორი თვით ადრე პარლამენტში ამ ყველაფრისთვის მზადება დაიწყო” - აღნიშნა ბაქრაძემ.
მან ჟურნალისტებს მიმართა და განაცხადა, რომ აგვისტოში, როდესაც შვებულებაში გასვლამდე „2 დღით ადრე დიწყებთ ჩაბარგებაზე ფიქრს, მაშინ გაგახსენდებათ, რომ პარლამენტის გადასაბარგებლად ბევრად მეტი დროა საჭირო“.
მისი თქმით, მიმდინარეობს პარლამენტის გადასასვლელად საჭირო ყველა პროცედურა, თუმცა, შენობის დატოვებას დეპუტატებსა და თანამშრომლებს არავინ აძალებს.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები შენობაში ჩვეულებრივ დარჩებიან და მუშაობას განაგრძობენ. მაგალითად, მან რიგგარეშე სხდომა მოიყვანა, რომელიც მომავალ კვირაში ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად უნდა ჩატარდეს.
