საქართველოს პარლამენტის აპარატსა და სახელმწიფო და სასწავლო დაწესებულებებს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, საზოგადოებაში მსჯავრდებულის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხებზე, ტრენინგი ჩატარდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის აპარატი პრაქტიკულად გაეცნოს იმ ცვლილებებს, რომელიც „პატიმრობის კოდექსში“ პარლამენტის ჩართულობით და მონაწილეობით განხორციელდა. საუბარია თუ რა ასახვა ჰპოვა საკანონმდებლო ცვლილებებმა პრაქტიკაში, როგორ აისახა და რა სიტუაციაა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რა რეფორმები ტარდება განსაკუთრებით რესოციალიზაციის კუთხით და რა როლი აკისრია სოციალურ სამსახურს ამ პროცესებში. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საზედამხედველო ფუნქცია აქვს და ამ კუთხით, პარლამენტის აპარატი უფრო გაცნობიერებული უნდა იყოს რეფორმების მიმდინარეობაზე. მადლობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი და სასწავლო კურსის თემები შეაფასა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ მიქანაძემ.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, პენიტენციურ სისტემაში საკანონმდებლო კუთხით ბევრი რეფორმა და ცვლილებები განხორციელდა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის მიმართულება გახლავთ. ტრენინგის პროცესში პარლამენტის აპარატის თანამშრომლები სარეაბილიტაციო პროცესში საშიშროების და ზიანის რისკების შეფასებაზე და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ დაგეგმარებაზე ინფორმაციას მოისმენენ.
ტრენინგის კურსი, ასევე, მოიცავს საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემის ზოგად მიმოხილვას და დაწესებულებების ტიპების გაცნობას. დღევანდელი შეხვედრისთვის მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის აპარატის უფროსს, რომლის ინიციატივით შედგა ჩვენი თანამშრომლობა და გაფორმებული დოკუმენტი არ დარჩა ფურცელზე მემორანდუმად“ - აღნიშნა ავთანდილ მიქანაძემ.
