პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ
შემუშავებული პრინციპები სრულად უნდა იქნეს გათვალისწინებული.
როგორც ბაქრაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გასულ კვირას პარტიებს დეკლარაცია შესთავაზა, რომელიც არჩევნების თანაბარ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას ითვალისწინებს.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დამატებითი წინადადებები შემუშავდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მივმართავ ინიციატივით პოლიტიკურ პარტიებს დავეთანხმოთ ყველა იმ პრინციპს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავდა“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, საერთო ჯამში აღნიშნული დეკლარაცია 5 პუნქტისგან ჩამოყალიბდება.
„ვის ინტერესებშიც შედის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ამ პროცესის ძალადობისგან დაცვა, ასევე, ვისაც არ სურს არჩევნების საბაბით სხვა პროცესების პროვოცირება, მისთვის აღნიშნული პრინციპი მისაღები უნდა იყოს“ - აღნიშნა ბაქრაძემ.
ინიციატივას - საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების დადგენასთან დაკავშირებით, კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
მათი განცხადებით, საარჩევნო გარემოს კუთხით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ბოლო პერიოდში შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო, რაც საარჩევნო პროცესების მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, აუცილებელია პოლიტიკურ პარტიებს შორის გარკვეული შეთანხმების მიღწევა .
