„მემარჯვენეები“ განათლების სისტემის წარმომადგენლებს პარტიებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ
„მემარჯვენეები“ განათლების სისტემის წარმომადგენლებს პარტიებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ
17:54 19.07.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები უწყებათაშორის კომისიაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების პასუხისმგებელი პირების შეყვანას პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამოვლენის შესაძლებლობად აფასებს.  ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, უწყებათაშორის კომისიაში აღნიშნული სამინისტროების წარმომადგენლების შეყვანის მოთხოვნამ დამატებითი შეკითხვები წარმოშვა.
„აქედან გამომდინარე, მიუხედავად ფაქტის სიმარტივისა, კიდევ ერთხელ განვმარტავთ - წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ შეგვხვედრია ფაქტი და მედია საშუალებებშიც არაერთხელ თქმულა, რომ განათლების სისტემა პოლიტიზებულია, რომ მასწავლებლებს ხშირ შემთხვევაში, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ პრობლემები ექმნებათ“ - ნათქვამია განცხადებაში.
„მემარჯვენეების“ წარმომადგენლების თქმით, ასევე, არაერთხელ გამხდარა უმწეოთა დახმარება პოლიტიკური მანიპულაციის საგანი.
„სწორედ ამ გახშირებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი კომისიის ღია სხდომაზე მოვითხოვეთ, კომისიის შემადგენლობას განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები დამატებოდა, რათა მსგავს გამოვლინებებზე დროული და ადექვატური რეაგირების შესაძლებლობა არსებობდეს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
„მემარჯვენეები“ განათლების სისტემის წარმომადგენლებს სხვადასხვა პარტიებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ, რათა პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებების მიღების აღკვეთა დროულად მოხდეს.

ბეჭდვა