საქართველოს პარლამენტმა „John Smith Trust“-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტმა „John Smith Trust“-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას უმასპინძლა
17:57 02.07.2018
საქართველოს პარლამენტში, „John Smith Trust“-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩამოსული „John Smith Trust“ პროგრამის 40-მდე კურსდამთავრებული მონაწილეობდა.



კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრა გამართეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა თამარ ხულორდავამ და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინე ფრუიძემ.



შეხვედრის ძირითად თემას გენდერული თანასწორობის საკითხები და ღია მმართველობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აქტიურობა წარმოადგენდა.

საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას და სამოქმედო გეგმებს, განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და იმ ახალ ინიციატივებს, რომელზეც გენდერული საბჭო მუშაობს.



შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობაზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხში, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის საქმეში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით პარლამენტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.



ყურადღება გამახვილდა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე. საუბარი შეეხო გენდერული კვოტირების საკითხებს. იმსჯელეს იმ შესაძლებლობებზე, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, რათა მათ რეალურად გავლენა მოახდინონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.



შეხვედრაზე ასევე, განიხილეს 2015 წლიდან ღიაობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით პარლამენტის მიერ მიღწეული შედეგები, წარმატებები და გამოწვევები. ისაუბრეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საქართველოს თავმჯდომარეობაზე. ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე და პარლამენტის ღიაობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას მოქალაქეების მეტი ჩართულობა საპარლამენტო პროცესში.



შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა რეფორმების, პროგრესის, დემოკრატიის, შეცდომების გაზიარების და აღიარების კუთხით.

დეპუტატებთან შეხვედრამდე, პროგრამის მონაწილეებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შეხვდა. მინისტრის მოადგილემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილა და სტუმრებს, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები გააცნო. ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე.



„John Smith Trust“ პროგრამის კურსდამთავრებული შეხვედრები ასევე, გამართავენ სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წამომადგენლებთან.



ბრიტანული ორგანიზაცია, „John Smith Trust“ არის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც მოიცავს ბრიტანეთში სასწავლო ვიზიტს, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. საქართველოში ჩამოსული არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა სხვადასხვა წლებში გაიარეს.



კურსდამთავრებულთა ასეთი მასშტაბური შეკრება პირველად შედგა, რომელიც საქართველოში გაიმართა.



ბეჭდვა