კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებისგან განმარტებებს მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კონსულტანტებს უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.
ფანჯიკიძის განმარტებით, ივანიშვილი 2 წელია უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლის კონსულტანტები საქართველოში ხშირად ჩამოდიან.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ორი კვირის წინ, საქართველოში კომპანიის მფლობელი და პრეზიდენტი ჩამოვიდა, თუმცა, ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს.
მისივე ცნობით,18 ივლისს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს კომპანიის ტექნიკურ დირექტორს, იგი უკან გააბრუნეს და ურჩიეს, განმარტებებისთვის საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთვის მიემართა.
„მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევები ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. მივმართავთ შსს-სა და საგარეო უწყებებს და განმარტებებს მოვითხოვთ, თუ რის საფუძველზე ხდება ევროკავშირის მოქალაქეების უცერემონიოდ დეპორტირება საქართველოდან“- განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე, კომპანიის თანამშრომელთა ვინაობის გამხელისგან თავს შეიკავებს.
მისივე თქმით, სამინისტროებს პასუხის მოთხოვნით წერილობითი მიმართვა გაეგზავნებათ, სადაც ფრანგული კომპანიის თანამშრომელთა სახელები, რეისის ნომრები და სხვა დეტალები იქნება დაკონკრეტებული.
