საქრთველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტს იწყებს. დღეს
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გერმანელ კოლეგას ჰაიკო მაასის შეხვდება.
დავით ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი გერმანიაში ხორციელდება, რა დროსაც საუბარი შეეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონალურ გამოწვევებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და სამომავლო გეგმებს.
„გერმანია არის საქართველოს ძალიან მყარი მხარდამჭერი ევროპული ინტეგრაციის პროცესებში და ბუნებრივია ვისაუბრებთ ამ მიმართულებით მომავალ გეგმებზე. გამოვიყენებ ამ ვიზიტს იმისათვის, რომ გერმანიის ხელისუფლებას გავაცნო საქართველოს მიზნები და გეგმები თუ როგორ ვხედავთ ქვეყნის მომავალს, როგორც ქვეყნის შიდა პროცესებში, ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ვიზიტი წაგვადგება მომავალი დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ფონზე, მათ შორის ნატოს სამიტთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზისითაც ამ ვიზიტს აქვს დიდი მნიშვნელობა“- განაცახდა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გერმანიის ანალიტიკურ და ექსპერტულ წრეებში, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ გერმანიის პოლიტიკის ფორმირებაში.
დავით ზალკალიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველო გერმანიის სტრაგეგიულ დიალოგში, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით ეწყობა და, ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.
