რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების მიმართ საზოგადოების განწყობა პოზიტიურია
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების მიმართ საზოგადოების განწყობა პოზიტიურია
15:38 19.07.2012

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული  ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ საზოგადოებაში პოზიტიური განწყობაა.


როგორც საყვარელიძემ „ნიუსპრესს“ კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატების შეფასებისას განუცხადა, მათი ცნობადობა მაღალია, რაც არჩევნებში მონაწილებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია.
„ეს ადამიანები ცნობილი არიან თავისი პოზიტიური თვისებებით, მათ შორის, პატიოსნებით და მოქალაქეობრივი გრძნობებით; ასევე, კომპეტენციით, პროფესიონალიზმით - ეს განსაკუთრებით იურისტებს ეხებათ“ - აღნიშნა საყვარელიძემ.
რაც შეეხება კოალიციის კანდიდატების კონკურენტუნარიანობას, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ თბილისში, ვაკეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანიდიდატს გიორგი კარბელაშვილს „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.
„თუ გავზომავთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ ვაკეში მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შავგულიძეს მოსახლეობაში უფრო მეტი პოზიტივი აქვს, ვიდრე კარბელაშვილს, რომელიც თავის თანამდებობას იყო ამოფარებული“ - აღნიშნა საყვარელიძემ.
რაც შეეხება ცნობილი პოლიტიკური სახეების - დავით საგანელიძის, დავით და ლევან ბერძენიშვილების, კობა დავითაშვილის, კახა შარტავას, რეზო შავიშვილის, გია ცაგარეიშვილის, დავით ზურაბიშვილის, სოზარ სუბარის, გოგი თოფაძის და სხვების მაჟორიტარებად არ დასახელებას, საყვარელიძის შეფასებით, ეს ადამიანები გაცვეთილი პოლიტიკური სახეები არ არიან, მითუმეტეს, საარჩევნო პროცესებში. თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილს უნდა კოალიციის პროპორციული სიაც ისეთივე პრეზენტაბელური იყოს, როგორც მაჟორიტარების.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თბილისისა და ქვეყნის ექვსი რაიონის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.


ბეჭდვა