ლაშა ნაცვლიშვილი - ქცევის კოდექსი მმართველი პარტიის ცინიზმია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ
ლაშა ნაცვლიშვილი - ქცევის კოდექსი მმართველი პარტიის ცინიზმია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ
15:26 19.07.2012
უშიშროების მინისტრის ექს-მოადგილემ, პარლამენტის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ლაშა ნაცვლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ქცევის კოდექსს ცინიზმი უწოდა.
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც პოლიტიკური „კანიბალები ვეგეტარიანელობის პროპაგანდას ეწევიან“ ეს პოლიტიკური ოპონენტების დაცინვაა.
რაც შეეხება ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, მან აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა მთავრობაში არსებული ღრმა კრიზისის არსებობა დაადასტურა.
მისი თქმით, სააკაშვილი მიხვდა, რომ მისი რეიტინგი „ქართული ოცნების“ ლიდერის რეიტინგს მკვეთრად ჩამოუვარდებოდა, რაც „ქართული ოცნების“ თბილისის აქციამ კიდევ უფრო თვალნათელი გახადა.
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სამთავრობო ცვლილებებით შეეცადა თავისი რეიტინგის ვარდნისთვის ეპასუხა.
„ფაქტია, რომ ხელისუფლება ღრმა პოლიტიკურ, ემოციურ და შეიძლება ითქვას, ესთეტიურ კრიზისშია და ცდილობს შეამციროს ის გარღვევა, რომელიც 27 მაისის აქციის შემდეგ დაფიქსირდა“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის კლება და „ქართული ოცნების“ პოპულარობის ზრდა, NDI-ის კვლევებმაც დაადასტურა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა გარკვეულწილად საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლას ემსახურება, ის გარკვეულ დინამიკას მაინც აჩვენებს.
რაც შეეხება ახალ სამთავრობო პროგრამას, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ის არის ივანიშვილის პროგრამული მესიჯების „უხეში კალკი“.
მისივე თქმით, სააკაშვილის მთავრობა განწირულია და ახალი პროგრამით ის თავის გადარჩენას ცდილობს.
„მისი დაყენება ერთ სიბრტყეში იმ სოციალურ კაპიტალთან ან ნდობასთან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შეუძლებელია“ - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ბეჭდვა