კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით სამთავრობო შტაბი შეიქმნა.
ამის შესახებ კახეთში საგანგებოდ გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაზარალებულ რეგიონებში მობილიზებული არიან რეზერვისტები.
პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს დიმიტრი შაშკინს მიმართა და განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა საჭირო ტექნიკის მობილიზება.
მისი განცხადებით, პირველ რიგში უნდა გაიწმინდოს ქუჩები, ყველა გამგებელი პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ ღამით მოსახლეობა ღია ცის ქვეშ არ დარჩეს.
რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების აღდგენით სამუშაოებს, ისინი ხვალიდან დაიწყება.
„აქაურობა ნაომარს ჰგაქვს და ყველაფერი უნდა აღვადგინოთ ისე, რომ ვერც ქარმა და, ღმერთმა დავგვიფაროს, ვერც მიწისძვრამ ვერ დაანგრიოს. აქ უნდა დაიწყოს დიდი აღმშენებლობა“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილს ამ კუთხით კარგი გამოცდილება აქვს.
პრეზიდენტის თქმით, სამუშაოების კოორდინაციის მიზნით, მინისტრები ადგილზე დარჩებიან და დღის ბოლოს შტაბი კიდევ შეიკრიბება.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, სტიქიის შედეგად გურჯაანში დასეტყვილია 2 800 ჰექტარის სასოფლო სამეურნეო მიწები, თელავში - 6 250 ჰა, ყვარელში - 2028 ჰა, ხოლო ლაგოდეხში ვენახის - 580 ჰექტარი.
ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა ღამით კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დააზიანა რაიონული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და მოსავალი გაანადგურა.
