საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების
ხელმოწერის შემდეგ საქართველომ არაერთ ხელშესახებ წარმატებასა და შედეგს მიაღწია.
მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უკვე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშნელოვანია ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდროდ ინტეგრაცია.
ამის შესახებ ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„4 წელი შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივცის კომპონენტის ჩათვლით.
2014 წლის 27 ივნისი ისტორიული თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ არაერთ ხელშესახებ წარმატებასა და შედეგს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა, რაც მნიშნელოვანი სარგებელია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უკვე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდროდ ინტეგრაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავება, რომლის განხორციელება კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.
ასევე ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ფორმატს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან. ეს იქნება უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით“- განაცხადა ბახტაძემ.
