არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“, საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ერთობლივი საარჩევნო პორტალის პრეზენტაცია გამართეს.
Electionportal.ge - ვებ-გვერდის მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების აღრიცხვა და საიტზე წარმოდგენილი ინციდენტების რუკაზე გადატანა.
როგორც ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ვებ-გვერდი დღეიდან უკვე მუშაობს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებული დარღვევების ფაქტებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვებ-გვერდის მუშაობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ რიგითი მოქალაქეები, ხოლო ვებ-გვერდს განსაკუთრებული მნიშვნელლობა ექნება არჩევნების დღეს.
