საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, დღეს იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა
პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ტეცურო ფუკუიამას შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის მრჩეველთა პალატაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას გაესვა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს 2012 წელს იაპონიის საკანონმდელო ორგანოში საქართველო-იაპონიის საპარლამენტო ლიგის ჩამოყალიბება, რომელიც საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ტეცურო ფუკუიამა ვაშაძესთან საუბრისას საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების თემასაც შეეხო, ამასთან, მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველოს მიერ დაკავებულ მე-16 პოზიციას გაუსვა ხაზი.
გრიგოლ ვაშაძემ ტეცურო ფუკუიამას საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მისიის გამოგზავნის თხოვნით მიმართა.
