კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ცნობილი პოლიტიკური სახეები, რომლებიც მაჟორიტარ
კანდიდატებად განიხილებოდნენ, მისი რჩევით, კოალიციის საარჩევნო შტაბში გააგრძელებენ საქმიანობას.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„კოალიციის საარჩევნო შტაბი ერთობლივ სამუშაოებს აწარმოებს და ძალიან ბევრი პრობლემა აქვს გადასწყვეტი, ამიტომ, ის ადამიანები, რომლებიც მაჟორიტარ კანდიდატებად განიხილებოდნენ ჩემი რჩევით და თხოვნით, შტაბში დარჩნენ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ესენი არიან - დავით საგანელიძე, „რესპუბლიკელები“ დავით და ლევან ბერძენიშვილები, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა, „ფორუმელი“ რეზო შავიშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, ასევე, „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე და კოალიციის პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე.
ივანიშვილის შეფასებით, პოლიტიკოსი განსაკუთრებით დასაფასებელია მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ამბიციებზე უარს იტყვის და საერთო საქმისთვის თავს გადადებს.
