ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხორვატიის ვიცე-პრემიერი მოხსენებით წარსდგა
 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხორვატიის ვიცე-პრემიერი მოხსენებით წარსდგა
17:29 26.06.2018
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე სესიაზე, ხორვატიის ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მოხსენებით წარსდგა.
ვიცე-პრემიერმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხორვატიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ღია დემოკრატიული საზოგადოების განვითარების აუცილებელი წინაპირობა, ეროვნულ უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ევროპის საბჭოს ძირითად პრიორიტეტებად დასახელდა.
თავის გამოსვლაში, სხვა საკითხებთან ერთად, ხორვატიის თავმჯდომარეობის წარომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და გამოთქვა სურვილი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
აღნიშნული საკითხის ფარგლებში, ხორვატიის თავმჯდომარეობამ ასევე გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც ხაზგასმულია ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალზე განხილული აქტუალური საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში მიმოხილულია ევროპის საბჭოს საქართველოსთან არსებული ურთიერთობა და ამ თვალსაზრისით ყურადღება გამახვილებულია ორგანიზაციის გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ ა.წ. მაისში მიღებული გადაწყვეტილების ელემენტებზე. დოკუმენტში გამოხატულია მოწოდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიმართ, რომ მოახდინოს რეაგირება ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზე და უზრუნველყოს იძულებულ გადაადგილებულ პირთა მშვიდობიანი დაბრუნება. დოკუმენტში ასევე არის მოწოდება რუსეთის ფედერაციისადმი, რომ შეუშვას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოები.



ბეჭდვა