პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიციის ერთ გუნდად ჩამოყალიბებისთვის
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა საკუთარი პოზიციების კორექტირება მოახდინეს.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, კოალიციის საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წარდგენისას განაცხადა.
„იცით, რომ პოლიტიკაში გამოუცდელი მოვედი და ხალხს მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობდი. ყველაზე მეტი დახმარება ვინც აღმომიჩინა და დღესაც მეხმარება, რომ სიტუაციაში გავრკვეულიყავი - არის დავით უსუფაშვილი. ჩემთვის და ჩვენს გუნდში მას ძალიან დიდი ფასი აქვს“ - აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.
ივანიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დაახასიათა და აღნიშნა, რომ ეს არის პრინციპული ხალხისგან შემდგარი პარტია, რომელიც რაღაც ეტაპებზე მათი პრინციპული პოზიციის გამო, გარკვეულწილად მიუღებელი იყო თბილისსა და ზოგადად საზოგადოების ნაწილში.
„შესაძლებელია მათ ეშლებოდათ, მაგრამ არასდროს ცრუობდნენ. ადამიანებში ამ თვისებას დიდ პატივს ვცემ. შეუცდომელი არავინ არის. მათ არასდროს უღალატიათ ქვეყნისთვის და თავისი პოლიტიკა სიცრუეზე არასდროს აუგიათ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისვე თქმით, „რესპუბლიკელები“ კოალიციის შიგნით მასაც გაუკრიტიკებია იმ პოზიციების გამო, რომლებიც საზოგადოებისთვის გასაგები არ იყო.
„შეცდომებს შეიძლება გადავუსვათ ხაზი, რადგან ისინი თავის პოზიციაში გულწრფელები იყვნენ, მაგრამ „რესპუბლიკელებმა“ ერთ გუნდად ჩამოყალიბებისთვის საკუთარ პოზიციებში გარკვეული კორექტირება მოახდინეს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თბილისისა და ქვეყნის ექვსი რაიონის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.
