პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლიკა ნაღებაშვილი ქუთაისში გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის მუშაობას არასათანადოს უწოდებს და სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხების დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენას მოითხოვს.
როგორც ნაღებაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, ქუთაისის მოსახლეობას წყალი დღემდე გრაფიკით მიეწოდება.
მისი თქმით, ისინი უწყვეტი წყალმომარაგების საფასურს იხდიან, ისიც გაძვირებულს.
„წყლის მიწოდების პრობლემას, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს წლებია აწუხებს, ვერც მილენიუმისა და შვედეთის განვითარების სააგენტოს გრანტებმა უშველა და ვერც EBRD-ის სესხმა. მთლიანობაში ქუთაისის წყალმომარაგების რეაბილიტაციაზე 13 მლნ ევრო დაიხარჯა, თუმცა, ქუთაისში სასმელი წყლით შედარებით უკეთესად, რეალურად მხოლოდ 10% მარაგდება“ - აღნიშნა ნაღებაშვილმა.
მისი თქმით, წყალგაყვანილობის რეაბილიტაციის პროექტი 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დაიწყო, თუმცა, ქუთაისის უბნების უმრავლესობაში მილების გამოცვლა დღემდე არ დაუწყიათ.
„მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის მთავარი მიზეზი წყალმომარაგების კომპანიის არასათანადო მუშაობა და ადგილობრივი მთავრობის უყურადღებობაა. უცხოური გრანტებით დაფინანსებული პროექტი ჩავარდა ისე, რომ თანხები უმიზნოდ გაიფლანგა, თანაც პროექტის განხორციელებისთვის გამოტანილი სესხის დაფარვა მოსახლეობას უწევს“ - განაცხადა ნაღებაშვილმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, გაუარესდა მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხიც, რადგან ბოლო პერიოდში სასმელი წყლით მოწამვლის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა.
