თურქეთის თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტმა მიიღო
თურქეთის თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტმა მიიღო
10:20 19.07.2012
საქართველოს და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზიმ, ბათუმის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრაზე.

პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ასევე, განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საქართველო და თურქეთის ურთიერთობები სამაგალითოა.

„თურქეთთან ყველა სფეროში, ძალიან დინამიურად ვითარდება ურთიერთობები მათ შორის, თავდაცვის სფეროში. 2014 წელი გამოცხადდა ნატოს გაფართოების წლად და საქართველოს უკვე გაუჩნდა რეალური შესაძლებლობა ნატოში გაწევრიანების, რაც ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტია“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, თურქეთი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
მისი თქმით, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რომ ქვეყანა იყოს დაცული ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში და საქართველო თავად იყოს სრულუფლებიანი მონაწილე.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება რეგიონში უსაფრთხოების გარანტია.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ამ პოზიციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეხვედრაზე ვაფიქსირებთ. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ რომ ამ სფეროში თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახდეს“ - აღნიშნა ისმეთ ილმაზიმ.

მისი თქმით, ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენება და ქვეყნებს შორის უპასპორტო მიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორი მჭიდრო ურთიერთნდობზე მეტყველებს.

ისმეთ ილმაზი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ იმყოფებოდა.



ბეჭდვა