პარლამენტის დელეგაცია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს აგრძელებს
პარლამენტის დელეგაცია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს აგრძელებს
10:27 24.06.2018
საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს, ვიზიტით თეირანში იმყოფება.



ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ აჰმად ალირეზაბეგისთან და ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ალაოდინ ბორუჯერდისთან.



გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილდა ყურადღება.



ხაზი გაესვა ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გააქტიურებული გაცვლითი ვიზიტების დინამიკას როგორც საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დონეზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ინტენსიური მაღალი დონის ვიზიტები ხელს მნიშვნელოვნად უწყობს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას.



საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.



საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ირანის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.



საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ისტორიულ ფუნქციასა და როლს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის.



შალვა კიკნაველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს ბიზნესის საკანონმდებლო დონეზე ხელშესაწყობად. შეხვედრებზე ყურადღება, ასევე, „სამხრეთ-დასავლეთის“ მარშრუტის მნიშვნელობაზე გამახვილდა.



ხაზი გაესვა ირანის მხრიდან საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მიმართ ინტერესს და აღინიშნა, რომ გასულ წელს ირანიდან საქართველოში 350 000 ვიზიტორი შემოვიდა, რაც ირანელი ტურისტების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებულ მზარდ ინტერესზე მეტყველებს. მხარეების თქმით, პირდაპირი ავიამიმოსვლა კიდევ უფრო უწყობს ხელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ათვისებას.



მხარეები საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინტენსიურ გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.



საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვანო ზარდიაშვილი, რუსლან გაჯიევი, ცოტნე ზურაბიანი, დიმიტრი მხეიძე და თენგიზ გუნავა შედიან.​


ბეჭდვა