ირაკლი კობახიძე: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ძირითად საკითხებზე შეთანხმება არსებობს
ირაკლი კობახიძე: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ძირითად საკითხებზე შეთანხმება არსებობს
16:35 23.06.2018
„გრძელდება დისკუსიები დისციპლინურ საკითხებთან, ზოგადად, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ დეტალებში უკვე რეგულაციები, რომლებიც ემატება შესაბამის კანონს. „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს“ და ძირითად საკითხებთან დაკავშირებით არის შეთანხმება”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაგრძელდება და მომდევნო შეხვედრაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში იქნება ინიცირებული.

„ვფიქრობ, რომ საბოლოოდ იქნება მიღწეული სრული კონსესუსი მთლიანად კანონთან დაკავშირებით. ამის საფუძველს გვაძლევს ის კონსულტაციები, რომლებიც დღემდე შედგა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იმ ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც დისციპლინური პასუხისმგებლობა საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს, მსჯელობა არ გამართულა.

„ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია. შესაბამისად, მე გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება. იყო გარკვეული ინიციატივა, რომელზეც არც გვიმსჯელია. შესაბამისად, მომავალში იქნება განხილვა. მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ ერთპიროვნულად მივიღო რაიმე გადაწყვეტილება. მით უმეტეს ასეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. შედგება კონსულტაციები და იმისდა მიხედვით, თუ რა შედეგს გამოიღებს ეს კონსულტაციები, პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მსჯელობა გრძელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტულ საფუძვლებთან დაკავშირებით.

ბეჭდვა