კვიპროსში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი აღნიშნეს
კვიპროსში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი აღნიშნეს
16:47 22.06.2018
ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ, კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარემ დემეტრის სილურისმა და თავდაცვის მინისტრმა სავას ანგელიდისმა.

სიტყვით გამოსვლისას, რევაზ ლომინაძემ ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული ტრანსფორმაციის 100 წლიან გზაზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საქართველოს ევროპულ არჩევანზე და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით გადაგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, სირიის მიერ აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიუღებლობას. რევაზ ლომინაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურების მნიშვნელობაზე.

სიტყვით გამოსვლისას, კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველო-კვიპროსს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ასევე, მიღების ფარგლებში, კვიპროსის თავდაცვის მინისტრმა გამოხატა კვიპროსის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება და საარქივო მასალების ფოტოგამოფენა.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ კვიპროსის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ქ. ნიქოზიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, აკადემიური წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.



ბეჭდვა