პარლამენტის აპარატის ქუთაისში გადასვლის პროცესი მიმდინარეობს
პარლამენტის აპარატის ქუთაისში გადასვლის პროცესი მიმდინარეობს
18:00 18.07.2012
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატმა ქუთაისში გადასვლის პროცესი დაიწყო, რაც სხვადასხვა სახის სამუშაოს ითვალისწინებს.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკა გიგაურმა განუცხადა.

მისი თქმით, გადასვლის პროცესი მოიცავს ინვენტარიზაციას, მასალის მოძიება-დაარქივებას და სხვა სახის პროცედურებს.

„ფაქტიურად, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში პარლამენტის აპარატი უკვე ქუთაისში უნდა იყოს გადასული, რადგან აპარატი მუშაობას აგრძელებს და ახალი მოწვევის პარლამენტისთვის აუცილებელია ყველა მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება“ - განაცხადა გიგაურმა.

რაც შეეხება შენობის C ფლიგელში დეპუტატების სამუშაო ოთხების დაცლას, გიგაურის თქმით, ფლიგელი მთლიანად არ იცლება. სავარაუდოდ, მის ერთ ნაწილში სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, რომ დეპუტატების სამუშაო ოთახები იცლება და ინვენტარი და ტექნიკა გააქვთ, რაც, მისი თქმით, დეპუტატების დროზე ადრე სამუშაო პირობების გარეშე დატოვებას ნიშნავს.

ბეჭდვა