დავით ზალკალიანი: აუცილებელია ჟენევის ფორმატისთვის მეტი დინამიზმის შეძენაზე ვისაუბროთ
დავით ზალკალიანი: აუცილებელია ჟენევის ფორმატისთვის მეტი დინამიზმის შეძენაზე ვისაუბროთ
18:25 20.06.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის ფორმატი ქართულ მხარეს საშუალებას აძლევს მუდმივად გაამახვილოს ყურადღება რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ზალკალიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.

„ჟენევის ფორმატი გახლავთ უნიკალური ფორმატი, სადაც ჩვენ საშუალება გვეძლევა ძირითად საერთაშორისო აქტორებთან ერთად, ისეთი როგორიც არის გაერო, ეუთო, ევროკავშირი, აშშ, მუდმივად გავამახვილოთ ყურადღება ამ ფორმატის ერთ-ერთი მონაწილის მიერ, კერძოდ რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით” - აცხადებს დავით ზალკალიანი.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც შეიძლება მაღალ დონეზე დადგეს კონფლიქტის გადაწყვეტის და რუსეთის მიერ ვალდებულების შესრულება, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და ჯარების გაყვანის საკითხი.

“მიუხედავად იმისა, რომ ფორმატის სამ ძირითად მიმართულებაზე არ არის ხელშესახები პროგრესი ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ვისაუბროთ არა ფორმატის ცვლილებაზე, არამედ ამ ფორმატისთვის, რაც შეიძლება მეტი დინამიზმის მიცემაზე. ასევე ჟენევაში ხელშესახები შედეგის მიღწევა შესაძლებელია საერთაშორისო დღის წესრიგში თემის მაღალ დონეზე აწევითაც,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებითვე, ჟენევის ფორმატების მიღმაც არის შესაძლებლობა და, მისი თქმით, მცდელობები იქნება მიმართული იქით, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და საკითხის მაღალ დონეზე დღის წესრიგში გაჩენა.

“ვფიქრობთ, რომ ჟენევის ფორმატის შესაძლებლობები ამოწურული არ არის, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურ პრობლემატიკაზე, როგორიც არის მავთულხლართების გაბმა, გატაცებები და ის ტრაგიკული შემთხვევები - ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელობა იყოს მუდმივად ამ ფორმატის დღის წესრიგში და მასზე საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაგირება მოხდეს” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.



ბეჭდვა