ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ პარლამენტის შენობა უკანონოდ იცლება
ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ პარლამენტის შენობა უკანონოდ იცლება
17:08 18.07.2012
საქართველოს პარლამენტის სამუშაო ოთახებიდან ინვენტარი და ტექნიკა გააქვთ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარლამენტის  ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა მას განუცხადეს, რომ დეპუტატების სამუშაო ოთახებიდან ინვენტარი შენობის ნულ სართულზე ჩააქვთ.

„ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცდილობს საქმე წინ წაიგდოს და არჩევნებამდე დეპუტატები და პარლამენტი ფაქტიურად ყოველგვარი სამუშაო პირობების გარეშე დატოვოს. ეს არის რეალური საბოტაჟი, კანონდარღვევა და კრიმინალი“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი განმარტებით, პარლამენტის ადგილმდებარებობა, კანონმდებლობის თანახმად, თბილისში რუსთაველის გამზირია, ხოლო ცვლილებები, რომლის თანახმად პარლამენტი ქუთაისში უნდა გადავიდეს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შევა ძალაში.

„მე ვზივარ ჩემს კაბინეტში და არაფრის გატანას არ ვაპირებ, ვაგრძელებ მოქალაქეებთან შეხვედრებს“ - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის დაცლილია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატის ოთახი.

მისი თქმით, პარლამენტის შენობის ყველა სართულის კომენდანტს მითითება აქვს, რომ შენობა ორშაბათამდე, 23 ივლისამდე დაიცალოს.





ბეჭდვა