ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სანამ პარლამენტი
სამინისტროების შემცირების თაობაზე კანონპროექტს მიიღებს, მინისტრების მოვალეობას მათი მოადგილეები შეასრულებენ.
მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რომელი სამინისტროები გაერთიანდება.
„შემოვა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა და ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს და რამდენიმე კვირის შემდეგ ჩვენ ვიხილავთ ახალ სტრუქტურას და მინისტრების ახალ შემადგენლობას. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, კონკრეტულად რომელი სამინისტროები გაერთიანდება და ეს სწორი იქნება, თუ არასწორი, საუბარი ნაადრევია.
შემიძლია დაგისასტუროთ, რომელი მინისტრებიც ტოვებენ თანამდებობას, მათ შორის გარდამავალ პერიოდშიც, მათი მოადგილეები წარმოდგენილები იქნებიან, როგორც ჩემთვის ცნობილია, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად და მინისტრის თანამდებობაზე. ამის შემდეგ მოხდება მინისტრთა კაბინეტის განახლება, რაც დამოკიდებული იქნება, დროის თვალსაზრისით, ჩვენ მიერ კანონპროექტის მიღებაზე“- განაცხადა მდინარაძემ.
