რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებას გამოეხმაურა რუსეთში სამოქალაქო
სექტორის მდგომარეობის შესახებ და ოფიციალურ თბილისს ურჩია თავად გაითვალისწინოს საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევები ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის შესახებ.
ქართულმა მხარემ, რუსეთში მოქმედი არასამთავრობო და კომერციული ორანიზაციების საქმიანობის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, პუტინის რეჟიმის პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა, რომელიც რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების საბოლოო დამორჩილებისკენაა მიმართული.
„ცოტა ხნის წინ ამერიკის წარმომადგენლების მხრიდან რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო სუვერენულ პროცესში ჩარევის მცდელობაზე რეაგირება მოგვიწია. „რუსეთში დემოკრატიის გადასარჩენად“ თავისი „ხუთი კაპიკის“ შეტანა მოულოდნელად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გადაწყვიტა“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას საუკეთესო რამ, რაც მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებისთვის შეუძლია გააკეთოს არის ის, რომ ბოლოსდაბოლოს დაკავდეს საკუთარ ქვეყანაში არსებული დემოკრატიული თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროში სერიოზული პრობლემების მოგვარებით.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „სააკაშვილის რეჟიმის პრეტენზია - შეასრულოს საერთაშორისო მენტორის როლი ადამიანის უფლებათა საკითხებში, სასაცილოა“
13 ივლისს რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატამ მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ეხება.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებების პაკეტი არის გაგრძელება პუტინის რეჟიმის პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების საბოლოო დამორჩილებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების დამალვისაკენ.
