ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ,,სტუდენტური კონგრესი’’ გაიმართება
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ,,სტუდენტური კონგრესი’’ გაიმართება
14:29 16.06.2018
მიმდინარე წლის 16-17 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება „სტუდენტური კონგრესი“.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი ,,სტუდენტური კონგრესი’’ მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში, პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ღია პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებს IX მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის ისეთები რომლებზეც მუშაობა პარლამენტში ამჟამად მიმდინარეობს.

მონაწილეები იმიტირებულ საკომიტეტო ფორმატში იმუშავებენ, რომლის შემადგენლობაში სტუდენტებთან ერთად შევლენ პარლამენტის მოქმედი წევრები: ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ოდიშარია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ფრაქცია შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით. საბოლოოდ, თითოეული კომიტეტი, შეიმუშავებს და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ირგვლივაც გაიმართება ღია დისკუსია.

ბეჭდვა