თამარ ხულორდავა მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
თამარ ხულორდავა მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
14:10 16.06.2018
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, დანიელა მორარის შეხვდა.



მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვას შორის არსებული ურთიერთობის, ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისა და ამ მხრივ, არსებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას საერთო მიზნები და გამოწვევები აკავშირებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტებს შორის ინტენსიური თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.



„სამმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიმდინარე წლის ივნისში დაფუძნებული საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.



შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ევროინტეგრაციის საგზაო რუკის მნიშვნელობაზე, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს და ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ისახავს მიზნად. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.​


ბეჭდვა