„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან
პოლიტიკური პარტიების ეთიკის კოდექსის მონიტორინგს მიესალმება.
როგორც ჩახვაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ედპ ეთიკის კოდექსს უერთდება, მაგრამ მასზე გარკვეულ მონიტორინგს აუცილებლობად მიიჩნევს.
მისი თქმით, დოკუმენტის შესრულებას მონიტორინგს თავად პარტიებიც გაუწევენ და თავიანთ აზრებს დააფიქსირებენ, მაგრამ ეს შეფასება სუბიექტური იქნება.
„ეს კარგია იმდენად, რამდენადაც, ძალიან ბევრი ასეთი კოდექსი შემუშავდა, ხელიც მოვაწერეთ, ზეპირი განცხადებებიც გაკეთდა, მაგრამ მათი შესრულებისა და რეალიზაციის შედეგი არ გვინახავს“ - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისი თქმით, ეთიკის კოდექსის მონიტორინგი მნიშვნელოვანია, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებამ გარდა პარტიების პროგრამებისა და დაპირისპირებებისა, კონკრეტული ვალდებულებების მიმართ მათი პასუხისმგებლობის შესახებაც უნდა იცოდეს.
ინიციატივას - საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების დადგენასთან დაკავშირებით კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
მათი განცხადებით, საარჩევნო გარემოს კუთხით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ბოლო პერიოდში შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო, რაც საარჩევნო პროცესების მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, პოლიტიკურ პარტიებს შორის გარკვეული შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი.
