ჩახვაძე მოსახლეობას ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმებას არ ურჩევს
ჩახვაძე მოსახლეობას ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმებას არ ურჩევს
13:35 18.07.2012
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე მოსახლეობას ხელისუფლებასთან ხელშეკრულების  გაფორმებისგან თავშეკავებას ურჩევს.

როგოც ჩახვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი წინასაარჩევნო პროგრამა „ხელშეკრულება საქართველოსთან“ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა აღნიშნულ პროგრამაზე უარი უნდა თქვას და მმართველ პარტიასთან ხელშეკრულება არ უნდა გააფორმოს.

„ამავდროულად, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურ დებატებში იწვევს, სადაც დავამტკიცებთ, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი ქართულმა საზოგადოებამ მმართველ პარტიას“ - განაცხადა გურამ ჩახვაძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტია, რომელმაც რვა წლის განმავლობაში უმუშევრობის პრობლემა ვერ მოაგვარა და საკუთარი მოქალაქეები ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით ვერ უზრუნველყო, ამომრჩევლის ნდობას აღარ იმსახურებს.

ჩახვაძის განცხადებით, საკუთარ ამომრჩეველთან ხელშეკრულების გაფორმება ქართული ნოვაცია არ არის.

„ეს არის სიმბოლურად საკუთარ ამომრჩეველთან გარკვეული ვალდებულებების აღება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ამომრჩეველთან ასეთი კონტრაქტი რამდენჯერმე დადო, მაგრამ კონტრაქტის შინაარსიდან გამომდინარე, ის დებულებები და ვალდებულებები ვერ შეასრულა, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა და მისი პირობები დაარღვია“ - აღნიშნა ჩხვაძმ.

მისივე თქმით, მმართველ პარტიასთან ხელშეკრულების გაფორმებისა და კიდევ ერთხელ მოტყუებულ მდგომარეობაში აღმოჩენა ქართველი ამომრჩევლის ნებაა.

ახალ საპროგრამო დოკუმენტს - „ხელშეკრულება საქართველოსთან“, რომელშიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმები და მთავარი მიმართულებები ჩამოაყალიბა, მმართველი პარტია საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს ხანებში წარუდგენს.

დოკუმენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირობას დებს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყანაში უმუშევრობის განახევრებას შეძლებს და სოფლის მეურნეობის სფეროს განავითარებს.

ბეჭდვა