გიორგი კვირიკაშვილი გადადგა
გიორგი კვირიკაშვილი გადადგა
18:48 13.06.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები მქონდა. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის დროს, არასდროს მოვრიდებულვარ პოლემიკას. ვფიქრობ, დღეს არის ის მომენტი, რომ პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი იმ შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს, რომელიც მას აქვს.

ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება მოქალაქეს დაეკისროს და ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს პასუხისმგებლობა. მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. ბევრჯერ მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო. მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას, მინდა მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომლებიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი.

მინდა ჩემს თანამშრომლებს გადავუხადო მადლობა გათენებული ღამეებისთვის და უდიდესი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს. ასევე მინისტრებს, გუნდის წევრებს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო გუნდს და რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს, იმისთვის, რომ მე მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის  ჯერ მინისტრის პოსტზე და შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გუნდის ხელმძღვანელს მინდა ვუსურვო წარმატება, ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში“- განაცხადა პრემიერმა.


ბეჭდვა