პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, ქალაქ გორის
კულტურის ცენტრში, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობის და განვითარების სტრატეგიის“ თაობაზე საჯარო კონსულტაცია გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა, რომელმაც კანონპროექტის საჯარო განხილვის მნიშვნელობასა და თავად ცვლილებების შინაარსზე ისაუბრა.
„სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები დაიგეგმა, რომელიც ახალი კანონპროექტის - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საჯარო განხილვებს ეთმობა. შეხვედრების მიზანია, სპორტის სფეროსთან დაკავშირებული ადგილობრივი მოსახლეობის, სპორტული სახეობების მწვრთნელების და უშუალოდ სპორტსმენების მოსაზრებების გაცნობა, მათი წინადადებების მოსმენა, რომლებიც კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში აისახება. ორ რეგიონში - კახეთში და ქვემო ქართლში უკვე გამართულმა შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივებს გამოთქვამენ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ შეხვედრაზე, შიდა ქართლის რეგიონში სპორტით დაინტერესებული ადამიანებისგან, კანონპროექტის განხილვის პროცესში მნიშვნელოვან წინადადებებს მოვისმენთ“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.
საჯარო განხილვებზე შეკრებილ საზოგადოებას კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური და გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავრაზაშვილი მიესალმნენ.
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, ღონისძიება „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის და „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ ძირითადი მიზნების და მიმართულებების პრეზენტაციით გაგრძელდა, რომლებიც კომიტეტის და სამინისტროს თანამშრომლებმა წარმოადგინეს. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი, შიდა ქართლის რეგიონში სპორტით დაინტერესებული პირების გამოსვლებს დაეთმო. სპორტული სახეობების მწვრთნელებმა, სკოლის ფიზკულტურის პედაგოგებმა და სპორტის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა კანონპროექტთან და სტრატეგიის დოკუმენტტან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და სპორტის მიმართულებით რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, რეგიონის მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
