თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო
22:21 11.06.2018
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტის, საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მისი და კომიტეტის წევრების მიერ ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები წარმოადგინა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებსაც კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს. მისი ინფორმაციით, კანონპროექტთა უმრავლესობაში მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებები შედის და 60-კანონპროექტიანი პაკეტიდან მხოლოდ სამში შეიცავს შინაარსობრივ ცვლილებებს.

„მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი იწყება. ამ მიმართულებით, თავდაცვის სამინისტრო სამუშაოებს უკვე აწარმოებს და უწყება კანონმდებლობის კოდიფიკაციაზე მუშაობს. რაც შეეხება წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს, იგი სრულად ასახავს კონსტიტუციაში შეტანილ სიახლეებს და მათში გადმოტანილია ის მნიშვნელოვანი ნორმები, რომელსაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კანონპროექტთა პაკეტის განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება „თავდაცვის შესახებ“ კანონპროექტზე გამახვილდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ კანონპროექტის გარკვეულ ნორმებზე შენიშვნები გამოთქვა.

მისი განცხადებით, თავდაცვის ძალების რიგ უფლება-მოვალეობებზე, მას პრინციპული მოსაზრებები აქვს და მზად არის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აღნიშნულ საკითხებზე დამატებითი მსჯელობა გამართოს. პარლამენტის წევრის მოსაზრებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნუკრი გელაშვილი დაეთანხმა და კომიტეტის წევრი კონსულტაციებისთვის თავდაცვის უწყებაში მიიწვია. პაკეტში შემავალი კანონპროექტების განხილვის შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილი ცვლილებების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით „საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. სამსახურის უფროსის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა დეპუტატებს კანონპროექტტა პაკეტი მუხლობრივად გააცნო და პირველი მოსმენის დროს გამოთქმული შენიშვნების პროექტში ასახვაზე ისაუბრა. კომიტეტის წევრები „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ ინფორმაციასაც გაეცნენ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკურ პარამეტრების წარდგენასთან ერთად, კომიტეტის წევრებს გრძელვადიანი პრიორიტეტების თაობაზე მოხსენებაც გააცნო.


სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.
ბეჭდვა