პარლამენტი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვაზე მუშაობს
პარლამენტი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვაზე მუშაობს
20:35 11.06.2018
საქართველოს პარლამენტმა „ღია პარლამენტის“ მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო ვალდებულება, დანერგოს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტი.

ეს ინსტრუმენტი შესაძლებლობას აძლევს საკანონმდებლო ორგანოებს, შეაფასონ თავისი საქმიანობა უმთავრესი დემოკრატიული ღირებულებების მიხედვით. თვითშეფასების მიზანია, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, მოახდინოს ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოავლინოს ორგანიზაციული განვითარების საჭიროებები და დასახოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის პრიორიტეტები.

დღეს დაიწყო ორდღიანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, რომელიც პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვას ემსახურება.
შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა. მისი განაცხადებით პარლამენტის თვითშეფასება უნდა მოხდეს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, ესენია: პარლამენტის ზედამხედველობა, ქალთა თემები და გენდერული თანასწორობა, პარლამენტის მუშაობა საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით, პარლამენტის წარმომადგენლობითობა, პარლამენტის გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, პარლამენტის ჩართულობა საერთაშორისო პოლიტიკაში.

„ყველა ეს მიმართულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის თვითშეფასების პროცესი, რომელსაც ამ ორი დღის განმავლობაში გავივლით, კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ კარგად დავინახოთ სად არის ჩვენი ძლიერი მხარეები, სად არის ჩვენი სუსტი მხარეები და სადაც სისუსტეები გვაქვს დავგეგმოთ, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ პარლამენტის მუშაობა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის წევრმა, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ.

მისი განაცხადებით, საქართველო ნელ-ნელა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადადის და ბოლო დროს განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა ეს კიდევ უფრო განამტკიცა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი გაძლიერდეს ინსტიტუციონალურად და სწორედ ამისთვის, აუცილებელია, რომ შევაფასოთ როგორია დღევანდელი პარლამენტი და ამის მიხედვით დავგეგმოთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ პარლამენტი გახდეს უფრო ძლიერი. სწორედ ამიტომ, გასულ წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება ყოფილიყო პარლამენტის თვითშეფასება. ცოტა მოგვიანებით გადაწყდა, ასევე გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში გენდერული თვითშეფასების გათვალისწინება. ჩვენი გადაწყვეტილება, ასევე, ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირს შემუშავებული აქვს პარლამენტის ზოგადი თვითშეფასების და გენდერული თვითშეფასების სახელმძღვანელო და სწორედ, ამ სახელმძღვანელოზე დაფუძნებით, ჩვენი ექსპერტების დახმარებით, შევიმუშავეთ საქართველოს რეალობაზე მორგებული პარლამენტის ზოგადი და გენდერული თვითშეფასების ინსტრუმენტი“, - აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

მისივე თქმით, თვითშეფასების შემდეგ, ექსპერტები გააკეთებენ ანალიზს და დაახლოებით 2-3 თვის ვადაში ცნობილი იქნება თვითშეფასების შედეგები, რომელზე დაფუძნებითაც, მომავალში, პარლამენტს უკვე შეუძლია იფიქროს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

„ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც შემდგომ უზრუნველყოფს, რომ პარლამენტმა უფრო დაგეგმილად და უფრო მიზანდასახულად გადადგას გაძლიერებისკენ და ორგანიზაციული განვითარებისკენ ნაბიჯები“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობაზე და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა. პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე სიტყვით გამოვიდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

დღეს გამართულ შეხვედრაში პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს: ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) დირექტორმა ლევან სამადაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში მუნხტუია ალთანგერელმა, IPU-ს თვითშეფასების ექსპერტმა მეგ მანმა, GGI-ის ექსპერტმა დავით ჯიჯელავამ და UNDP-ის ექსპერტმა ნინო ჩიხლაძემ.

თვითშეფასების პროცესს უძღვება საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროცესის მხარდამჭერები არიან USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისათვის (UNJP) ფარგლებში. თვითშეფასების პროცესი წარიმართება ერთი საერთაშორისო ექსპერტისა და ორი ადგილობრივი ექსპერტის მიერ.


ბეჭდვა