პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ციხის მართვას ქართულ საპატიმროებში სწავლობენ
პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ციხის მართვას ქართულ საპატიმროებში სწავლობენ
10:22 18.07.2012
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები საგანგებო ტრენინიგს გადიან და ციხის მართვას საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში სწავლობენ. ამის  შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა პროგრესის გზაზეა, რაც აშკარად იგრძნობა.
„ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ პენიტენციურ სისტემას და, რა თქმა უნდა, არავის არ უხარია, როდესაც ოჯახში პატიმარი ჰყავს. მინდა გითხრათ, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, ციხეების თანამშრომლები, ვიდრე დაინიშნებიან ამ თანამდებობაზე, საგანგებოდ გადიან ტრენინგს და ციხის მართვას საქართველოს საპატიმრო დაწესებულებაში სწავლობენ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ინგლისის პარლამენტში საქართველოს იუსტიციის სახლებთან დაკავშირებით გამართულ დებატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლორდთა პალატაში ბევრმა პარლამენტარმა 7-8 წლის წინათ საერთოდ არ იცოდა სად იყო საქართველო.
„მანამდე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა დიდმა ლიდერმა ჩვენი იუსტიციის სახლების შესახებ ილაპარაკა. მედვედევს ორჯერ წამოცდა ერთ კვირის განმავლობაში, რომ ქართული რეფორმები უნდა გადმოვიღოთო. სასწაულია, რომ ეს ხდება“- აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მეორე მხრივ, სასწაულია ისიც, რომ 7-8 წლის განმავლობაში საქართველოში კრიმინოგენული და სოციალური ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
„გლდანი იყო კუნძულივით. დღეს ეს ყველაფერი დაგვავიწყდა. მე მხოლოდ იმიტომ გახსენებთ, რომ იგრძნოთ პროგრესი. 21-ე საუკუნეში არც დენს ვამადლით ვინმეს, არც გაზს, არც გზას და არც სხვა რამეს, მით უმეტეს, წესრიგს“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თუკი საქართველომ შეძლო მისაბაძი ყოფილიყო ინგლისისა და საფრანგეთისთვის, სხვა დიდი ამოცანების გადაწყვეტასაც შეძლებს, ასეთი კი, პრეზიდენტის თქმით, უმუშევრობაა.

ბეჭდვა