საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ ახალი სოციალური პროექტების დეტალები, სამომავლო გეგმები
და ხელისუფლების ახალი ინიციატივა პირადად გააცნო.
შეხვედრისას, სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის გაფორმდება და კონკრეტული პრობლემების მოგვარების ვალდებულებასა და აღნიშნული პირობების შესრულების პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„ჩვენ დიდი ამოცანები გვაქვს და უნდა შევძლოთ ამ ამოცანების გადაწყვეტა. ამ მიზნისკენ უკვე მივდივართ. ახლა მთავარია უმუშევრობის დაძლევა, რათა ხალხს შემოსავალი გაუჩნდეს. წარმატებების მიუხედავად, ყველასთვის ის არის მთავარი თუ რა უდევს მაგიდაზე, როდესაც ბავშვი იღვიძებს, როგორ ჩაცმულს უშვებს მას სკოლაში, როგორი ბრუნდება უკან და რა პერსპექტივას აძლევს მას ქვეყანა. მთავარია, ადამიანს, რომელმაც შემოსავალი 50 წლის ასაკში დაკარგა, არ ჰქონდეს ცხოვრების დასასრულის განცდა“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის არსებობა და ისეთი სოციალური ფონი, რომ ყველა მოქალაქეს მიუწვდებოდეს ხელი მაღალი ხარისხის ჯანდაცვისა და განათლების სისტემებზე.
