საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის მოსაზრებით, ხელისუფლება ტყუის, როდესაც ამბობს, რომ პეტრას ციხის რეაბილიტაციისთვის ფული არა აქვს.
"ნაციონალური მოძრაობა" გვიმტკიცებს, რომ პეტრა უნდა გასხვისდეს და ეს კარგი გადაწვეტილებაა, როცა უცხოელის ხელში გადავა 50 წლით ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ნაშთი", – აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ აჭარის ზღვისპირეთი ტურისტებით აივსება და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად რიგები დადგება, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ისტორიულ–კულტურული ძეგლების რეაბილიტაციაში ჩადებული ნებისმიერი ინვესტიცია აუცილებლად მოუტანს სარგებელს, როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივ თვითმართველობას.
"ამ დროს, ქობულეთის თვითმმართველობას არაფერს არ ეკითხებიან, სრულიად შემთხვევით ვიგებთ, რომ სახელმწიფო ამზადებს გადაწყვეტილებას პეტრას ციხის უცხოელისთვის მართვის უფლებით გადაცემაზე. გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტს არ აქვს თურმე ფული საკუთარ ისტორიას მოუაროს. ეს ტყუილია", - აცხადების თარგამაძე.
ამის დასტურად მას ბათუმის მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ბათუმის ბიუჯეტმა 1 მილიონ 700 ათასი ლარი გადაიხადა მხოლოდ საათზე, რომელიც სატელიტზე სწორდება.
მანვე ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ხელშეკრულებას გადახედოს და პეტრას ციხე არ გასხვისდეს.
