საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა
საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა
18:01 07.06.2018
საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრების დღევანდელ შეხვედრაზე მესამე სამოქმედო გეგმისთვის (2018-2019 წწ) შემუშავებული 7 ვალდებულება განიხილეს.


ვალდებულებები მოიცავს: პარლამენტის მიერ 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესრულების ხელშეწყობასა და მონიტორინგს, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას, საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მთავრობის საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდას.



თითოეული ვალდებულება აერთიანებს მრავალ ამოცანას, რომელთა განხორციელებაც საქართველოს პარლამენტმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ. „წინა სამოქმედო გეგმის მსგავსად, მესამე გეგმა პარლამენტის წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის შედეგად შემუშავდა. სამოქმედო გეგმის მთავარ მიზანს საქართველოს პარლამენტის ღიაობისა და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა წარმოადგენს“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის შემოთავაზებული იდეები შეგროვდა საქართველოს 7 ქალაქში - თელავში, რუსთავში, მარნეულში, ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში - გამართული საჯარო კონსულტაციების დროს, 2018 წლის მარტსა და აპრილში. ახალი სამოქმედო გეგმა ასევე მოიცავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილ ვალდებულებებს. საჯარო კონსულტაციები ორგანიზებული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის, UNDP-ისა და IDFI- ის მხარდაჭერით.



საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საჯარო მმართველობის პროგრამის მენეჯერმა, სოფი ჰუე გერიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა, საქართველოს პარლამენტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და მოქალაქეების წინაშე ღიაობის ხელშეწყობაში. „საჯარო პოლიტიკის და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. საკანონმდებლო პროცესის ღიაობა, პარლამენტის მიერ განხილულ კანონპროექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებით, ხელს უწყობს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკის შემუშავებაში და ასევე, აძლევს მათ შესაძლებლობას გავლენა მოახდინონ საკანონმდებლო დღის წესრიგზე“, - განაცხადა სოფი ჰუე გერიშმა.



შეხვედრის მხარდამჭერია ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და IDFI.









ბეჭდვა