ბრიუსელში, ნატიფი ხელოვნების სასახლეში BOZAR, სადღესასწაულოდ აღინიშნა საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარემ ზიგფრიდ ბრაკემ, ნატო-ს გენერალურ მდივნის მოადგილემ როუზ გოტომოლერმა და ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩმა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ნატალი საბანაძემ.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა ისაუბრა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც ევროპული იდეის ავანგარდში მყოფ სახელმწიფოზე, მის ფასეულობებსა და პროგრესზე.
„საქართველოს ხალხს არასდროს დაუკარგავს თავისუფლებისა და ევროპის იდეა. ისტორიის მანძილზე ჩვენ ბევრჯერ ვიდექით დასავლეთის და აღმოსავლეთის გასაყარზე და ყოველთვის ჩვენი მისწრაფება იყო დასავლეთისკენ. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა ოცნება ასრულდა საუკუნის თავზე, როდესაც ევროკავშირის პრეზიდენტი იდგა თბილისში თავისუფლების მოედანზე, ულოცავდა ხალხს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს და საუბრობდა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დღეს ჩვენ ისე ახლოს ვართ დასავლეთთან, როგორც არასდროს. ეს აისახა ჩვენს შეუქცევად ინტეგრაციულ პროცესში ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, ევროკავშირსა და ნატოში. ჩვენ ამაყები ვართ, რომ წარმოვადგენთ ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყანას და ვიმყოფებით ნატოში გაწევრიანების გზაზე. მაგრამ ეს არ არის ჩვენი საბოლოო მზიანი, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რათა მოვიპოვოთ ჩვენი ადგილი ერთიან ევროპაში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში. რუსეთის სამხედრო აგრესიის მიუხედავად, რომელიც მიმართულია ჩვენი და ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობიანი და დემოკრატიული ბრძოლის მეთოდები. დემოკრატია არის ის რაც გვეხმარება ჩვენ მტკიცედ დავდგეთ რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ. საქართველო 100 წლის შემდეგაც არის მოწინავე მისი დემოკრატიითა და ადამიანის უფლებების დაცვით. მოდით ვაშენოთ ერთიანი ევროპა საქართველოსთან ერთად”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ქართველ ხალხს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების საიუბილეო თარიღი მიულოცა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს, როგორც ალიანსის მოკავშირისა და ერთგული პარტნიორის. მისი განცხადებით, ფასდაუდებელია საქართველოს წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გოტმიოლერმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა: „საქართველოს რეფორმები და ნატოში ინტეგრაციის პროცესი შთამბეჭდავია. მსურს კიდევ ერთხელ განვაცხადო ის, რაც ალიანსმა 10 წლის წინ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოსთან პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ევროკომისარმა კულტურის, განთლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩმა.
მისი თქმით „საქართველო არის მხატვრების, პოეტების, მწერლების ქვეყანა, რომელთაც საკუთარ ქვეყანას შეუქმნეს მდიდარი ისტორია. სახელგანთქმული ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი, უდიდესი მხატვარი ნიკო ფიროსმანი, საოცარი მომღერალი ქეთი მელუა, სახელგანთქმული ელისო ბოლქვაძე და ქართული ნაციონალური ბალეტი, რომელიც დღეს აქ არიან წარმოდგენილნი, ცნობილი და აღიარებულია მთელს მსოფლიოში. მე ამაყი ვარ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირის პროგრამებში და თანამშრომლობს ევროკავშირთან განათლების, კულტრის, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში“-განაცხადა მან.
ევროკომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებში, სადაც მისი თქმით, აქტიურობისა და ჩართულობის კუთხით საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ევროკომისარმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა „განათლება მართლაც პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა საქართველოში და მე მოხიბლული ვარ იმ რეფორმებით რაც მიმდინარეობს და მადლობას ვუხდით საქართველოს ბოლონიის პროცესში მონაწილეობისთვის“.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში კულტურული პროგრამის ნაწილში ევროკავშირის აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ ელისო ბოლქვაძე და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
ღონისძიებას ბელგიის სამეფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირის და ევროპარლამენტის წარმომადგენლები და ბელგიის სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა.
