პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით
დონდუას, მოუსმინეს. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები და ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება. დავით დონდუამ უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია არაღიარების პოლიტიკის კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
„რუსეთი ყველანაირად ცდილობს 2008 წლის 26 აგვისტოდან, როდესაც მან აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობა, წარმოაჩინოს მათი პოლიტიკური სტატუსი, მოახდინოს საერთაშორისო კონტაქტების დამყარება, რათა ამით ერთგვარად გაამართლოს ის უკანონო ქმედებები, რომლებიც მან ჩაიდინა ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის კონტექსტში. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე საქართველოს საელჩოები, აქტიურად ვმუშაობთ როგორც არაბულ სამყაროსთან და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან ორმხრივ რეჟიმში, ასევე იქ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იმისათვის, რომ ჩვენი არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაგრძელდეს ისევე წარმატებულად, როგორც ეს აქამდე იყო. ამ პროცესში ჩვენი პარტნიორებიც აქტიურად არიან ჩართული. ე.წ დომინოს ეფექტს, რომელზეც იყო ერთგვარი სპეკულაციები, არ ველოდებით,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ დღეს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დაწყების წინ.
მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ცივილიზებული მსოფლიო არ აღიარებს, ამიტომ მის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არანაირი შედეგი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არ მოყვება.
„სირია მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ის არის მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პრობლემა. რაც შეეხება ასადის რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას, ეს ჩვენთვის გასაკვირი არ იყო. ამის ნიშნები იყო განსაკუთრებით 2015 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია სირიაში და სწორედ მოსკოვის მეშვეობით ერთგვარად გაიმაგრა პოზიციები ბაშარ ალ ასადმა. ამის შემდეგ სულ იყო იმის საფრთხე, რომ ასადის რეჟიმს შეიძლებოდა ეღიარებინა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამ მიმართულებით. თუმცა რაც დრო გადიოდა, მით უფრო იზოლირებული ხდებოდა ასადის რეჟიმი ცივილიზებული სამყაროსგან. სულ უფრო ნაკლები სიტყვა ეთქმოდათ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს. ერთადერთი ვინც იქ მართავდა სიტუაციას, ეს იყო კრემლი. მან თავისი შანტაჟის, პროვოკაციისა და ზეწოლის შედეგად ასადის რეჟიმს აღიარებინა ე.წ დამოუკიდებლობა, რასაც არანაირი შედეგი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ბუნებრივია, არ მოჰყვება.“ - განაცხადა დავით დონდუამ.
