ძიძიგურის განცხადებით, მერაბ კაჭახიძეს პარტიისთვის ფინანსების მობილიზება ჰქონდა დავალებული
ძიძიგურის განცხადებით, მერაბ კაჭახიძეს პარტიისთვის ფინანსების მობილიზება ჰქონდა დავალებული
15:24 17.07.2012
„კონსერვატორული პარტიის“ თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განმარტებით, აღმასრულებელ მდივანს მერაბ კაჭახიძეს პარტიისთვის ფინანსური რესურსების მობილიზება ჰქონდა დავალებული.
როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, ჯერ კიდევ სამი თვის წინ, „კონსერვატორულმა პარტიამ“ ეროვნული კომიტეტის სხდომა ჩაატარა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლების მხრიდან „ქართული ოცნების“ ფინანსური წყაროების შეზღუდვის გამო, პარტიაში ფინანსური რესურსების მობილიზება მოეხდინათ და პარტიის ანგარიშზე საწევროები და პირადი დანაზოგები ჩაერიცხათ.
ძიძიგურის თქმით, ფინანსური რესურსების მობილიზება პარტიისთვის სწორედ მერაბ კაჭახიძეს დაევალა, რომელიც რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს განუმარტავდა როგორ უნდა მომხდარიყო პარტიისთვის შემოწირულობების ჩარიცხვა ბანკიდან.
„მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე ეკა ლომაიამ, რომელსაც ფარული ვიდეოკამერა ჰქონდა მიმაგრებული, კომიტეტის სხდომაზე თავადვე აიღო პასუხისმგებლობა, რომ იგი მთაწმინდაზე ფინანსების მობილიზებას უხელმძღვანელებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომის ოქმიც გვაქვს, სადაც ლომაია პირადი ხელმოწერით ადასტურებს მის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას“ - აღნიშნა ძიძიგურმა.
მისივე განმარტებით, შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში კი, კაჭახიძე არა ფარულ მაქინაციებს ამუშავებს, არამედ პარტიის წევრებს განუმარტავს, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ საწევროები და პირადი დანაზოგი პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხონ.
ამასთან, ძიძიგურმა დღესვე პარტიის რაიონული ორგანიზაციების სხდომების 19 ოქმი წარადგინა, სადაც მათ წევრებს ანალოგიური დავალება აქვთ მიცემული.
„მოუწოდებ ახალაიას და ხელისუფლებას, არ სჭირდებათ ღილებზე ფარული კამერების დამაგრება. მათ შეულძიათ მოვიდნენ ჩვენთან და პირადად იგივეს გავიმეორებ, რასაც კაჭახიძე ვიდეომასალში ამბობს“ - განაცხადა პარტიის ლიდერმა.
ამასთან, ძიძიგურმა თავისი პარტიის წევრებს კვლავ მოუწოდა საწევროების და პირადი დანაზოგების პარტიის ანგარიშზე შეტანა განაგრძონ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილს და ტარიელ ქარდავას ბრალს კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური გარიგების დადებისთვის წაუყენებენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება, პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვისთვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტზე 2012 წლის მაისში დაიწყო.

ბეჭდვა