არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური სახლის“ ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე მზადაა ალტერნატიული სამშვიდობო პლატფორმის ძირითადი ასპექტები პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს გააცნოს.
როგორც კირთაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის ვალდებულია რეალური პოლიტიკური მანდატის მქონე პრემიერ-მინისტრს და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნდობის მანდატის მქონე ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული საკითხები დეტალურად წარუდგინოს.
„მზად ვარ, რეალური პოლიტიკური მანდატის მქონე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც დიალოგის წარმართვის და პოლიტიკური მოქნილობის უნარი აქვს, სამშვიდობო პლატფორმის ძირითადი ასპექტები გავაცნო“ - განაცხადა კირთაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საერთო ეროვნული საკითხია, რომელზეც პასუხისმგებლობა როგორც თავად კირთაძემ, ასევე, ივანიშვილმა და მერაბიშვილმა უნდა აიღონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, იგი ვანო მერაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს წერილობით მიმართავს.
ალტერნატიული სამშვიდობო პლატფორმა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გზით ურთიერთობების აღდგენის ძირითად საკითხებს მოიცავს. იგი „ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური სახლის“ მიერ მომზადდა.
