ივანიშვილი - ხელისუფლების წევრებისგან განსხვავებით, მურმან დუმბაძეს შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა შეუძლია
ივანიშვილი - ხელისუფლების წევრებისგან განსხვავებით, მურმან დუმბაძეს შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა შეუძლია
12:53 17.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, კოალიციის სენაკის მაჟორიტარი კანდიდატი, მწერალი გურამ ოდიშარია ადამიანის ეტალონთანაა მიახლოებული.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, ოდიშარიას მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენისას განაცხადა.

„ჩემი წარმოდგენით, გურამ ოდიშარია ადამიანის ეტალონს უახლოვდება და ის საოცარი ადამიანია“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება კოალიციის ფოთის მაჟორიტარ კანდიდატს ეკა ბესელიას, ივანიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ბესელია ნაზი ქალბატონია, ის ყველა ფოთელის დაცვას შეძლებს“.

ამასთან, კოალიციის ლიდერმა ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატის მურმან დუმბაძის დახასიათებისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების წევრებისგან განსხვავებით, დუმბაძეს შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა შეუძლია.

„მას ყოფნის ვაჟკაცობა, რომ გამონათქვამებზე, რომელიც შეშლია, ბოდიშიც მოიხადოს. ვინც მუშაობს და აკეთებს საქმეს, მას შეიძლება შეეშალოს, მაგრამ აღიარებაც უნდა შეეძლოს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დუმბაძე საქართველოს ყველა ხელისუფლების პერიოდში ოპოზიციაში იყო და ახლა მას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება ექნება.

ასევე, ივანიშვილმა დუმბაძეს მოუწოდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაგებით მოეკიდოს ოპოზიციასაც, რადგან მას ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს რაიონებში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. გურჯაანიდან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მსახიობ გივი ბერიკაშვილის შვილი რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი იქნება, თელავიდან - ეკონომისტი გელა სამხარაული, ლენტეხიდან - გია გაზდელიანი, აბაშიდან - ირაკლი საბულუა, სენაკიდან - მწერალი გურამ ოდიშარია, ფოთიდან - ადვოკატი ეკა ბესელია, ბათუმიდან - მურმან დუმბაძე, ქედადან - დავით ანანიძე, ქობულეთიდან - ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშის და ფატი ხალვაში, შუახევიდან - შოთა ზოიძე, ხელვაჩაურიდან - როსტომ ხალვაში და ხულოდან - მზია საგინაძე.


ბეჭდვა