საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ავსტრიის ეროვნული საბჭოს საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ავსტრიის ეროვნული საბჭოს საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
09:25 30.05.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრს, საქართველო-ავსტრიის რესპუბლიკის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს ნიკოლაუს შერაკს შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს საქართველო-ავსტრიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ჩამოყალიბებულ მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში არსებული პოტენციალის შემდგომი გამოყენების მნიშვნელობას.

ამასთან, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და სხვა აქტუალურ თემებს.

ვახტანგ მახარობლიშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ნიკოლაუს შერაკს ავსტრიის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისათვის. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან შეუქცევადი ინტეგრაციისა და აღნიშნული პროცესის გაღრმავების კონტექსტში საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპის სახელმწიფოების, მათ შორის, ავსტრიის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის შემდგომი მხარდაჭერა.

ამის გარდა, მინისტრის მოადგილემ ავსტრიელ დეპუტატს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით არსებული რთული ვითარება და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, ასევე ეთნიკური წმენდის პოლიტიკას, რომელსაც საოკუპაციო ძალები ახორციელებენ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. აღინიშნა, რომ ამ ფონზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორებისა და მთლიანად, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მხარდაჭერის მობილიზაცია არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ავსტრიის ეროვნული საბჭოს წევრმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიული მხარის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ავსტრიისა და მთლიანად ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია.

თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლაუს შერაკი შეხვედრებს მართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში.


ბეჭდვა