Must carry-სთან დაკავშირებით ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა
Must carry-სთან დაკავშირებით ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა
12:42 17.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო კოდექსში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს, რომელიც მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტს (Must carry) ითვალისწინებს, ხელი უკვე მოაწერა.

ცვლილება მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებას ითვალისწინებს. კერძოდ, ის ვალდებულია არჩევნების გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი.

აგრეთვე, ამ პაკეტში შედის საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის არანაკლებ 20%-სთვის არის ხელმისაწვდომი. ამ კატეგორიაში ხვდება ტელეკომპანია „კავკასია“.

საკაბელოები ვალდებულნი არიან მომხმარებლისთვის სამაუწყებლო არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება უზრუნველყონ.

საკაბელოებმა აღნიშნული ვალდებულებები არჩევნების დანიშვნის მომენტიდან ერთი დღის ვადაში უნდა შეასრულონ.

ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ტრანზიტზე ავტორიზებული პირი მიიღებს გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს ერთი წლით ავტორიზაციის ჩამორთმევას.

არჩევნების მეორე ტურის ან შუალედური არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოვალეობები კენჭისყრის დღემდე გავრცელდება შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედ მაუწყებლებსა და საკაბელოებზე.



ბეჭდვა